Deutsche Internationale Schule Tbilissi

11/03/2021

ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და მეტი შეიტყვეთ ჩვენი სკოლის გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების, მათი უანგარო და საპატიო საქმიანობის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და განვითარების შესახებ. ამჯერად ვესაუბრეთ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ბათლიძეს.

რა გაკავშირებთ გერმანიასთან? რამ განაპირობა თქვენი საქმიანობა საქართველოში  არსებულ გერმანულ სასკოლო სისტემაში?

ოთხმოციან წლებში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, თბილისში არსებობდა ცნობილი მეექვსე გერმანული სკოლა, რომელიც იმ დროს პირველ დემოკრატიულ-ლიბერალურ მოძრაობად ითვლებოდა. ამ სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა გერმანული ენა. აქედან გამომდინარე, გერმანული იყო ჩემი პირველი უცხო ენა. მოგვიანებით გადავწყვიტე ადვოკატობა და სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გავაგრძელე. სკოლის პერიოდში გერმანული ენის შესწავლამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია, რის შემდეგაც გერმანიაში ჩემი სტუდენტობა განვითარების ბუნებრივ გზად იქცა. გარდა ამისა, ქართული კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი სამოქალაქო სამართალი, მყარად ეფუძნება გერმანულ სამართლებრივ მოდელს. გერმანიაში სწავლის პერიოდში გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც გერმანულენოვანი იურისტია. 

საუნივერსიტეტო განათლების დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რაიმე სახით შემეტანა წვლილი გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში და ამით, ერთგვარად, მადლიერება გამომეხატა იმ შთამბეჭდავი სტუდენტური წლებისთვის, რომლებიც მე გეტინგენში გავატარე. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო გერმანულ წრესთან ურთიერთობის შენარჩუნება.   შემთხვევით გავიგე იმ იდეის შესახებ, რომ საქართველოში აპირებდნენ გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებას და ვიფიქრე, რომ, როგორც იურისტს, შემეძლო გარკვეული წვლილის შეტანა. ასე გავხდი 2009 წელს თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და მხარდაჭერის კავშირის დამფუძნებელთა წევრი.        

როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?

საწყისი პერიოდი თავისი გამოწვევებითა და გაურკვევლობებით უკიდურესად საინტერესო გახლდათ! ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, რისგანაც სკოლა შედგება: არც ორგანიზაცია, არ სკოლის შენობა, არც მასწავლებლები, არც მოსწავლეები... თუმცა გვქონდა გაბედულება და ჯანსაღი ოპტიმიზმი და, ალბათ, რაც უმნიშვნელოვანესია, მშობლების მხარდაჭერა და ნდობა. 

როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან?

მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ უკვე გრძელი გზა განვლო, ჩვენ მაინც განვითარების ფაზაში ვიმყოფებით. ამასობაში ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული სასკოლო სისტემა მოტივირებული და კვალიფიცირებული კადრით, მოსწავლეთა რაოდენობის მზარდი დინამიკითა და, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი სკოლის კამპუსით საქართველოში. ყველაზე დიდ გამოწვევად მიმაჩნია სკოლის, როგორც  ინსტიტუციის, გაძლიერება და განვითარება. დიდი მოლოდინით ვუყურებ ჩვენს პირველ აბიტურიენტებს, რომლებიც მალე დატოვებენ სკოლას და განათლების შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებენ. 

რაში აისახება თქვენი კონკრეტული საქმიანობა სკოლისათვის? შეგიძლიათ მოკლედ გვიამბოთ ამის შესახებ?

პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი პასუხისმგებლობის სფეროში შედის კავშირის იურიდიული საკითხები. გამგეობის ინტენსიური მუშაობა აისახება სკოლის დირექციასთან მჭიდრო თანამშრომლობაში, მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებზე კონსულტაციასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?

მე გახლავართ მოქმედი ადვოკატი და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საადვოკატო ბიუროს (BLC) პარტნიორი.