Deutsche Internationale Schule Tbilissi

19/03/2021

ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და მეტი შეიტყვეთ ჩვენი სკოლის გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების, მათი უანგარო და საპატიო საქმიანობის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და განვითარების შესახებ.

ბოლო ინტერვიუში ვესაუბრებით გამგეობის წევრს, თეა თაბაგარს.

რა გაკავშირებთ გერმანიასთან? რამ განაპირობა თქვენი საქმიანობა საქართველოში  არსებულ გერმანულ სასკოლო სისტემაში?

გერმანიაში შტუტგარტის უნივერსიტეტში სასწავლებლად გავემგზავრე. კულტურული შოკის მიზეზი გახდა, ის რაც ჩემთვის მანამდე აბსოლუტურად უცხო იყო: ერთგვარი თავისუფლება საუნივერსიტეტო სისტემაში და დამოუკიდებელი ცხოვრება. თუმცა სწრაფად ავუღე ალღო და წარმატებით დავამთავრე გერმანული ლინგვისტიკის ფაკულტეტი. დამეთანხმებით, რომ არ არის ადვილი, როდესაც უცხო ენაზე იღებ უმაღლეს განათლებას. სწავლის დასაფინანსებლად პარალელურად ვმუშაობდი ოფიციანტად, ტურისტულ სააგენტოში, მოგვიანებით კი - მერსედესის ფირმის კომპანიაში. სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. იმ პერიოდში ზედმეტი იყო ჩვენს ქვეყანაში გერმანული სკოლის არსებობაზე საუბარი. თუმცა შთამბეჭდავი სტუდენტური წლების შემდეგ ბუნებრივად ჩავერთე ამ საქმეში .

როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?

მე არ მივეკუთვნები სკოლის დამფუძნებლებს, თუმცა სკოლას მისი დაარსებიდანვე ვგულშემატკივრობდი და დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს მის განვითარებას. 2016 წლის დასაწყისში ამირჩიეს გამგეობაში. მაშინ ჩემი უფროსი შვილი გერმანული საერთაშორისო სკოლის საბაზო საფეხურზე სწავლობდა.

როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან.

სკოლა დინამიკურად განვითარდა: მოსწავლეთა რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა, წლების მანძილზე ნაქირავები შენობების შემდეგ კი ლამაზი სკოლის კამპუსი გვაქვს. სულ მალე ჩვენი სკოლის პირველი დამამთავრებელი კლასი ჩააბარებს აბიტურის გამოცდებს. ძალიან მაინტერესებს, თუ რა გზას დაადგებიან ჩვენი ახალგაზრდები. პანდემიისგან გამოწვეული ცვლილებები სწავლებისა და სწავლის პროცესში  სკოლისათვის დიდ გამოწვევად მიმაჩნია, მაგრამ ამავდროულად ეს შანსიცაა - თუ რა სახის გამოცდილების გამოყენება შეგვიძლია სამომავლოდ სასკოლო ცხოვრებაში.

რაში აისახება თქვენი კონკრეტული საქმიანობა სკოლისათვის? მოკლედ გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

სკოლის გამგეობაში მუშაობის დაწყებისთანავე ჩავერთე სამშენებლო მენეჯმენტში, რადგან ჩემი პროფესიული საქმიანობიდან მიღებული გამოცდილების გამოყენება შემეძლო. ამასთან, კონსულტაციას ვუწევ კადრების მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?

იმ დროს, როდესაც მე უნივერსიტეტი დავამთავრე, რთული იყო ეკონომიკის სფეროში ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტის დასაქმება, მაგრამ მე ყოველთვის უფრო მათემატიკურ-ტექნიკურად მოაზროვნე ადამიანი გახლდით და ამიტომ პირველი ათი წლის განმავლობაში საბანკო სექტორში ვიმუშავე. ამჟამად ვმუშაობ ქართულ კომპანია „Luca Polare“-ში, რომელსაც ვეხმრები საერთაშორისო საქმიანობის საკითხებში. ცოტა ხნის წინ დავიწყე თანამშრომლობა შვეიცარიულ ფონდ BPN-თან (Business Professionals Network), რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებას.