Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr
17/03/2021

ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და მეტი შეიტყვეთ ჩვენი სკოლის გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების, მათი უანგარო და საპატიო საქმიანობის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და განვითარების შესახებ.

ამჯერად ვესაუბრეთ გამგეობის წევრს, დოქტორ ლიკა ღლონტს.

რა გაკავშირებთ გერმანიასთან? რამ განაპირობა თქვენი საქმიანობა საქართველოში  არსებულ გერმანულ სასკოლო სისტემაში?

გერმანული ენა შევისწავლე ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ჩემს ოჯახში,  შემდეგ  კი საბავშვო ბაღსა და სკოლაში. ეს გახლდათ ჩემი ოჯახის ერთგვარი ტრადიცია - ჩემს ბაბუას დამთავრებული ჰქონდა თბილისში არსებული გერმანული გიმნაზია.  როგორც ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ხუთთვიანი გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი იენის ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტში. მოგვიანებით, უკვე როგორც დოქტორანტი, ხელახლა წავედი გერმანიაში, დოქტორანტის სტიპენდიით DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. 1998 წელს მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნევროლოგიის კვლევით ცენტრში დავიცავი დისერტაცია. ამგვარად, მთელი ჩემი საგანმანათლებლო ბიოგრაფია მჭიდროდ უკავშირდება გერმანიას.

როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?

სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს გამართულ სხდომებს ბოლო არ უჩანდა, ეს პერიოდი მაინც ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი.       

როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან.

სკოლის განვითარება ნამდვილად თვალსაჩინოა - ეს მოსალოდნელი იყო. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე არსებობდა რისკები და გამოუვალი სიტუაციები. გერმანულენოვანმა საბავშვო ბაღმა შესანიშნავად დაიმკვიდრა თავი და მიმზიდველი გახდა იმ მშობლებისათვის, რომლებმაც თავიანთი შვილების საგანმანათლებლო ენად გერმანული აირჩიეს. პერსონალი მუდმივად ვითარდებოდა და იზრდებოდა. ამასობაში სკოლაში შეიქმნა სამაგალითო ინფრასტრუქტურა. ჩემი აზრით, გამოწვევები სამომავლო განვითარებისთვის გულისხმობს ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებასა და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას  მასწავლებელთა საერთაშორისო გუნდში.

რაში აისახება თქვენი კონკრეტული საქმიანობა სკოლისათვის? გვიამბეთ, კონკრეტულად თქვენი საქმიანობის შესახებ სკოლაში.

უკანასკნელ წლებში სკოლას ვეხმარები ქართულ საგანმანათლებლო უწყებებთან კომუნიკაციაში. გერმანული საერთაშორისო სკოლა ექვემდებარება ორ სასკოლო ინსპექციას: გერმანულსა და ქართულს, რაც უდიდესი გამოწვევა გახლავთ და ეს ჩვენთვის ცნობილია საქართველოში არსებული სხვა საერთაშორისო სკოლებისგანაც. მე ვადევნებ თვალს კონკრეტულ პროცესებს და ვუწევ კონსულტაციას.

გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?

როგორც ბიოლოგი, წლების განმავლობაში ვმუშაობდი უნივერსიტეტში ლექტორად და მეცნიერ-მუშაკად. თორმეტი წელია, რაც საგანმანათლებლო პოლიტიკაში ვმოღვაწეობ და ვხელმძღვანელობ Erasmus+-ს. Erasmus+ ევროკავშირის ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების პროგრამაა - ახალგაზრდობა და სპორტი ევროპაში. საქართველოს, განსაკუთრებით ახლა, აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ისეთ ქმედით პროგრამებში, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობასა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროექტებს გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.