ვიწყებთ ინტერვიუთა სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და გაიგეთ უფრო მეტი გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების შესახებ, მათ უანგარო მოღვაწეობაზე თბილისის გერმანული სკოლის აღმშენებლობის საქმეში და გაეცანით მათ ხედვას სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით.
თავდაპირველად გთავაზობთ ინტერვიუს გამგეობის თავმჯდომარესთან, დოქტორ საშა ტერნესთან.
რამ განაპირობა თქვენი ჩამოსვლა საქართველოში და რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ? არის თუ არა საქართველო თქვენი მეორე სამშობლო?
პირველად საქართველოში 1997 წელს სამსახურეობრივად მომიწია მოგზაურობა. ამის შემდეგ მალე შემიყვარდა ეს ქვეყანა და ადამიანები; ამასთან, გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლეც (ამასობაში ჩვენ უკვე სამი შვილი გვყავს). მომდევნო წლებში ხშირად მიწევდა პირადი და საქმიანი ვიზიტებით გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა, სანამ 2007 წელს არ მივიღე შემოთავაზება საქართველოს პროკრედიტ-ბანკის მმართველის პოზიციაზე. მას მერე მუდმივად ვცხოვრობ საქართველოში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თავს ვგრძნობ საკუთარ სახლში.
როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?
ჩვენ ვიყავით თანამოაზრეთა პატარა ჯგუფი, რომელმაც, როგორც სკოლის დაფუძნების კავშირმა, ბრწყინვალე მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ შეიძლება დაუპირისპირო ჯანსაღი გულგრილობა შეუძლებელს. გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნება დაკავშირებული იყო წარმოუდგენლად ბევრ წინააღმდეგობასთან. სახელმწიფო უწყებები გერმანიასა და საქართველოში უნდა დაგვერწმუნებინა ამ იდეის ეფექტურობაში. საწყისი ხარჯების დასაფარად საჭირო იყო სპონსორები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოსწავლეები არ გვყავდა, უნდა გაგვერისკა და მასწავლებლების, შენობისა და სასკოლო ინვენტარის ხელშეკრულებებზე ხელი უნდა მოგვეწერა. ამასთან, სკოლის არარსებობის პირობებში უნდა მოგვეპოვებინა პოტენციური მოსწავლეების მშობლების ნდობა იმისათვის, რომ მათ თავიანთი შვილები ჩვენს სკოლაში შემოეყვანათ. სწორედ ამ ფონზე ემოციურად დატვირთული იყო მომენტი, როდესაც 2010 წელს სკოლა გაიხსნა მხოლოდ 6 პირველკლასელით!
როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან.
არსებობის 11 წლის განმავლობაში სკოლამ განვითარების წარმოუდგენელი გზა განვლო - ქაღალდის ფურცელზე იდეის დაბადებიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „საუკეთესო საერთაშორისო სკოლის“ ხარისხის სერტიფიკატის მინიჭებამდე; ნაქირავები კერძო სახლიდან საკუთარი ძალებით აშენებულ სკოლის კამპუსამდე. 6 მოსწავლიდან და 7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელიდან ჩვენ 240-მდე გავიზარდეთ. თავიდან ორი თანამშრომელი გვყავდა, დღეს კი - სამოცი. ზაფხულში ჩვენ სკოლის მეთორმეტე კლასი გვეყოლება და ამით სკოლა სრულად იქნება დაკომპლექტებული. ამ დროისთვის სკოლის შენობის დამატებითი ფლიგელებისა და სპორტის დარბაზის მშენებლობაც დასრულდება.
ჩვენი სკოლა სამომავლოდაც დარჩება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არაკომერციულ Public-Private-Partnership გაერთიანებად, როგორც გამონაკლისი. ამგვარი ფაქტი ხშირად არ გვხვდება და გარეშე პირისათვის ხანდახან არცთუ ისე ადვილად აღსაქმელია. თუმცა, სწორედ ეს გახლავთ ჩვენი სკოლის უდიდესი უპირატესობა სხვა კერძო სკოლებთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოსწავლეებისათვის საუკეთესო განათლების მისაცემად.
შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ სკოლაში თქვენი კონკრეტული საქმიანობის შესახებ?
სკოლა დაფუძნდა არაკომერციული კავშირის მიერ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ არსებობს კლასიკური გაგებით მესაკუთრე, რომელიც სუფთა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე იზრუნებდა სკოლის ბედ-იღბალზე. ჩვენთან ეს როლი შეთავსებული აქვს არჩეულ სკოლის გამგეობას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ სკოლის გამგეობის წევრები განსახვავებულ პროფესიულ ჯგუფებს (განათლება, სამართალი, ფინანსები, მშენებლობა, მენეჯმენტი და ა.შ.) წარმოადგენენ და პროფესიული კვალიფიკაციითა და გამოცდილებით თავიანთი წვლილი შეაქვთ სკოლის განვითარების საქმეში, რაც, რა თქმა უნდა, მეტად მომგებიანია.
სკოლაში პირადად ჩემი საქმიანობის მთავარი მიმართულებები სტრატეგიული და კონცეპტუალური საკითხები, ასევე ბიზნეს-ადმინისტრირების კონტროლი და სამშენებლო მენეჯმენტია. მე, როგორც გამგეობის თავმჯდომარე, უფრო მეტად და ინტენსიურად ვარ დაკავებული სკოლის საკითხებით, თუმცა თავს მაინც გუნდურ მოთამაშედ მივიჩნევ. სიხარულით მავსებს ის ფაქტი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ნდობით განმსჭვალული და უკონფლიქტო თანამშრომლობა გვაკავშირებს და მხოლოდ ერთი საერთო მიზანი - ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სკოლის წარმატებული განვითარება - გვაერთიანებს.
გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?
ოც წელიწადზე მეტია, რაც საბანკო და საფინანსო სფეროში ვმოღვაწეობ, სადაც ჩემი ძირითადი მიმართულება განვითარებად ქვეყნებში მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებლიანი დაფინანსებებია. ეს, ალბათ, ნაწილობრივ ხსნის ჩემს მზადყოფნას უანგაროდ ავიღო პასუხიმგებლობა საზოგადოებრივ განვითარების საქმეში დადებითი წვლილის შესატანად. გერმანულ საერთაშორისო სკოლაში საქმიანობის პარალელურად საქართველოში გერმანული ეკონომიკური გაერთიანების (DWV) დამფუძნებელთა წევრი და გამგეობის თავმჯდომარეც გახლავართ. შემოსავალი კი მაქვს ძირითადი პროფესიიდან, როგორც შვეიცარული ქონების განმკარგავი კომპანიის „BlueOrchard Finance“-ის მმართველს. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში მიკროკრედიტების დაფინანსების საინვესტიციო ფონდების ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია.