Deutsche Internationale Schule Tbilissi

  • დაგვირეკეთ
    +995 32 2293100
  • სამუშაო საათები
    08:30 – 18:00 Uhr

სამუშაო საათები

საბავშვო ბაღი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 8:30-დან 18:00-მდე. ჩვენი არდადეგები და დღესასწაულები სასწავლო წლის კალენდარშია მითითებული.

2024/2025 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი

საბავშვო ბაღში ადაპტაცია

საბავშვო ბაღში მისული ბავშვი ცხოვრების ახალ ეტაპს უნდა შეუდგეს და ამიტომ საბავშვო ბაღის გარემოსთან შეგუება ფრიად მნიშვნელოვანი პროცესია.

იხ. ინფორმაცია ბავშვის საბავშვო ბაღში ადაპტაციის ჩვენეული მოდელის შესახებ. საბავშვო ბაღში მიღებისთვის შეგუების ეტაპი აუცილებელია და აღმზრდელებსა და მშობლებს შორის ნდობით განმსჭვალული და საიმედო თანამშრომლობის საწინდარი გახლავთ.

ინფორმაცია აღსაზრდელის ადაპტაციის ეტაპების შესახებ

ავადმყოფობა

თუკი ბავშვი ავადაა და საბავშვო ბაღში ვერ მოდის, გთხოვთ, ამის შესახებ ტელეფონით გვაცნობოთ 11:00 საათამდე. ავადმყოფი ბავშვი საბავშვო ბაღში არ უნდა იმყოფებოდეს. გთხოვთ, ადროვოთ თქვენს შვილს გამოჯანმრთელება.

გადამდები დაავადებების შემთხვევაში ბავშვის ბაღში დაბრუნებამდე ექიმის ცნობას მოვითხოვთ.

მოყვანა და წაყვანა

საბავშვო ბაღში ყოველი დღე დაგეგმილია, ყოველ აქტივობას თავისი რიტუალი ახლავს, რაც ჩვენს ბავშვებს ორიენტაციაში ეხმარება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალია ყოველდღიური მისალმება 9:30-ზე. ამ დროს ყველა ვიკრიბებით, ვმღერით, ვამბობთ, კვირის რა დღეა და ამ დღეს რას გავაკეთებთ, ასევე ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე. ეს განმეორებადი რიტუალი ბავშვებში უსაფრთხოებისა და ნდობის განცდას აძლიერებს და ენობრივი განვითარებისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

ბავშვებს ყოველდღიურად უნდა შეეძლოთ ამ რიტუალში მონაწილეობა, ანუ საბავშვო ბაღში უნდა იყვნენ არაუგვიანეს 8:30-ისა. თუკი ბავშვი მისალმების რიტუალის დაწყების შემდეგ გამოცხადდება, ის ვეღარ ჩაერთვება რიტუალში და მშობლებთან ერთად მის დასრულებას ფოიეში დაელოდება.

ექსკურსიები

ჩვენ ექსკურსიებს ვაწყობთ ქალაქის დასასვენებელ ზონებში, მხატვრულ-სანახაობითი, საგანმანათლებლო თუ კულტურის დაწესებულებებში, ქალაქგარეთ. ეს ექსკურსიები საბავშვო ბაღის ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანს ხდის, ბუნებასთან და კულტურასთან შეხების საშუალებას იძლევა.

ეს ჩვენი ექსკურსია ჩამონათვალია:

ლისის ტბა, კუს ტბა, ბოტანიკური ბაღი, წყნეთის მიმდებარე ტყე (სკოლის კამპუსიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე), თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, მუზეუმები.

თანამშრომლობა

აღზრდის საქმეში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები მშობლები არიან. მათთან, თითოეული ბავშვის საკეთილდღეოდ, პატივისცემითა და ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა გვაქვს.

ჩვენი საქმიანობით მშობლებს ხელს ვუწყობთ მათი შვილების აღზრდაში, განვითარებისა და განათლებაში. მათ შეუძლიათ სისტემატურად მიიღონ ინფორმაცისგანვითარების შესახებ და, ამგვარად, ჩვენს პედაგოგიურ საქმიანობასაც გაეცნონ.

გეგმიური ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან

წელიწადში ერთხელ ყველა მშობელთან იმართება ინდივიდუალური შეხვედრა, რომელზედაც ისინი თავიანთი შვილის განვითარების შესახებ იღებენ დაწვრილებით ინფორმაციას, რომელიც ეფუძნება საბავშვო ბაღის ყოველდღიურობაზე დაკვირვების ამსახველ დოკუმენტაციას. შეხვედრის ძირითადი თემა არის ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაკუთრებული მოთხოვნილებები.

გასაუბრება მშობლებთან (Small Talk)

ბავშვის მოყვანისა და წაყვანის დროს მშობლებს ყოველთვის აქვთ საშუალება, აღმზრდელებისგან მოკლე ინფორმაცია მიიღონ დღის განმავლობაში მომხდარის შესახებ.

შეხვედრები კონფლიქტებისა და კრიზისების დროს

თუ საბავშვო ბაღსა და მშობლებს შორის კონფლიქტები ან პრობლემები იჩენს თავს, ყოველთვის შეიძლება ინდივიდუალური შეხვედრების დაგეგმვა ორივე მხარის ინიციატივით. შეხვედრის მიზანია აზრების გაცვლა-გამოცვლა და პრობლემების ერთობლივად აღმოფხვრის გზების პოვნა.

მშობელთა კრება

წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში, მშობელთა კრება ტარდება. კრებაზე საბავშვო ბაღის ახალი სასწავლო წლის გეგმების შესახებ მოგახსენებთ (ყოველდღიური და ყოველკვირეული გეგმები, ექსკურსიები, ენის სწავლება, ახალი კოლეგების წარდგენა, განსაკუთრებული პროექტები). მშობლებს კითხვების დასმისა და ერთმანეთის გაცნობის საშუალება აქვთ. გარდა ამისა, კრებაზე მიმდინარე სასწავლო წლისთვის მშობელთა საბჭოს წარმომადგენლებსაც ირჩევენ.

მშობლების ჩართულობა

ჩვენი საბავშვო ბაღი მშობლების ჩართულობას მიესალმება. ამის მრავალი ფორმა არსებობს, მაგ.: დახმარება დღესასწაულების / ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში; მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი აქტივობები, როდესაც ერთი კონკრეტული ღონისძიებისთვის საკუთარი ხელით ქმნიან სხვადასხვაგვარ საინტერესო ნივთს, ამზადებენ საჭმელს ან აცხობენ; წიგნის წაკითხვა ბავშვებისთვის.

შეტყობინებები მშობლებს

მშობლები ელექტრონული ფოსტით იღებენ აქტუალურ ინფორმაციას საბავშვი ბაღიდან (დაგეგმილი აქტივობების თარიღებს, სასწავლო წლის გეგმას ინფორმაციას გადამდები დაავადებისა ან დატილიანების შემთხვევების შესახებ). ამიტომ სკოლის სამდივნოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის აქტუალური საკონტაქტო მონაცემები.