თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და მხარდაჭერის კავშირმა სკოლის ეტაპობრივად ჩამოყალიბება არჩია. დაარსებიდან, 2010/2011 სასწავლო წლიდან, სკოლას ყოველ წელს თითო კლასი ემატებოდა. მისი ჩამოყალიბება მხოლოდ 2021/2022 სასწავლო წელს დასრულდა მე-12 კლასის გამოშვებით.
ნაბიჯ-ნაბიჯ მზარდი სკოლა ქალაქის სხვადასხვა უბანში დაქირავებულ შენობებში ფუნქციონირებდა. როცა შენობის ფართი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილი სკოლის მოთხოვნებს, ახალ დასაქირავებელ ობიექტს ვეძებდით. ამრიგად, 2010-დან 2016 წლამდე გერმანულმა სკოლამ და საბავშვო ბაღმა მისამართი სამჯერ შეიცვალა.
სკოლის დაარსებასა და განვითარებას მხოლოდ გერმანიის საელჩო როდი უწევდა დიდ თანადგომას. გერმანული სკოლის შემოთავაზებას თავიდანვე ღიად, გულისხმიერებით მოეკიდა საქართველოს მთავრობაც. ამას ადასტურებს ქალაქის მწვანე უბანში 8.400 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ სკოლის გაერთიანებას 2015 წელს სიმბოლურ ფასად გადასცა. ამრიგად, ქართულმა მხარემ შექმნა წინაპირობა იმისა, რომ სკოლას საკუთარი შენობა ჰქონოდა.
2016 წლის აპრილიდან 2017 წლის ივლისამდე დამფუძნებელთა გაერთიანებამ ამ მიწის ნაკვეთზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის შენობა ააშენა, სადაც საბავშვო ბაღიც განთავსდა. მისი დაფინანსებისა და კეთილმოწყობისათვის დამფუძნებელთა გაერთიანებამ დამატებითი კრედიტიც აიღო.
2017 წლის სექტემბერში თბილისის გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ საზეიმოდ გახსნა თავისი სკოლის კამპუსი. ამ დღიდან საბავშვო ბაღი და სკოლა თანამედროვე შენობებს ფლობენ. აქ ღია ცის ქვეშ თამაშისა და სპორტისთვის შესანიშნავი პირობებია შექმნილი.
ფილმი: სკოლის კამპუსის საზეიმო გახსნა, 2017 წლის სექტემბერი
2019/2020 სასწავლო წელს სკოლის კამპუსის შენობის გაფართოება დაიწყო - ამჯერადაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. სკოლის შენობას დაემატა ორი ფრთა, საკლასო ოთახებითა და ლაბორატორიებით. ბოლოს სკოლის კამპუსს მიემატა მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი.
2022/2023 სასწავლო წლიდან სკოლა და საბავშვო ბაღი სრულად აშენებულ კამპუსშია განთავსებული.