თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა კულტურული დიალოგის გერმანულენოვანი სკოლაა.
ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანულენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული მოსწავლეები ქართველ და სხვა ეროვნების ბავშვებთან ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ. მათ გერმანელი და ქართველი პედაგოგები ასწავლიან. სკოლა 2010 წელს დაარსდა, თავდაპირველად გვქონდა საბავშვო ბაღი და ერთი პირველი კლასი. სკოლას ყოველწლიურად თითო კლასი ემატება.
სკოლაში სწავლება თიურინგიის ფედერალური მიწის სასწავლო გეგმის თანახმად მიმდინარეობს. ყველა საგანი გერმანულ ენაზე ისწავლება, ინგლისური, ფრანგული და ქართული (როგორც მშობლიური, ასევე უცხო ენა) ენების გარდა.
სკოლა ფუნქციონირებს
- გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან ჩამოსული ბავშვებისთვის, რომლებიც თავიანთ მშობლებთან ერთად თბილისში დროებით იმყოფებიან
- საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომელთა მშობლიური ან მეორე ენა გერმანულია
- ქართველი ან სხვა ეროვნების ბავშვებისთვის, რომელთა მიზანია, გერმანულს დაეუფლონ ან გერმანულენოვანი განათლება მიიღონ
ჩვენი სკოლის მოსწავლეები გერმანიაში აღიარებულ სასკოლო განათლებას მიიღებენ, ამასთან საქართველოს კულტურასა და ქართულ ენას შეისწავლიან.
ჩვენს სკოლაში ქართველი და სხვა ეროვნების მოსწავლეები გერმანულენოვან სასწავლო გარემოში გერმანულ ენასა და კულტურას ეცნობიან.
სამიდან ექვს წლამდე ბავშვები სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში გერმანულენოვან გარემოში თამაშობენ და სწავლობენ. ბაღის აღსაზრდელებს, რომელთა მშობლიური ენაც გერმანული არაა, ეს საბავშვო ბაღი გერმანულენოვან სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად განსაკუთრებული მეთოდით მომზადებას _ ენის თამაშით სწავლებას _ სთავაზობს.
ჩვენს სკოლაში ძირითად საგნებს გერმანელი პედაგოგები ასწავლიან. ამ მიზნით საზღვარგარეთ არსებული გერმანული სკოლების მთავარი სამმართველო (ZfA) სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს გერმანიიდან მოავლენს. გარდა ამისა, სკოლაში სათანადო პედაგოგიური განათლებისა და გერმანული ენის საუკეთესოდ მცოდნე ადგილობრივი მასწავლებლებიც მუშაობენ.
სკოლა გასცემს გერმანულ ატესტატებს და, შესაბამისად, გერმანულ სასკოლო სისტემაში შეუფერხებელი გადასვლის საშუალებას იძლევა. სკოლაში სწავლის დაწყება მთელი სასწავლო წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
თორმეტი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს გერმანული საერთაშორისო გამოცდების (DIAP) ჩაბარება შეუძლიათ, რაც მათ გერმანიასა და მრავალ სხვა ქვეყანაში უმაღლესი განათლების მისაღებად უპირატესობას მიანიჭებს.
იმ ბავშვებს, რომლებიც საქართველოში იზრდებიან და რომელთა მშობლიური ენაც ქართულია, პირველი კლასიდან უტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები.
ქართულ ინტერნეტგაზეთ "Mastsavlebeli.ge"-ზე თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის შესახებ 2020 წლის ოქტომბერში ამომწურავი და ვრცელი სტატია გამოქვეყნდა:
ჩვენი სკოლა ავტორიზებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და, ამრიგად, ის ინტეგრირებულია ქართულ სასკოლო სისტემაში. ეს კიდევ ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ ჩვენი სკოლიდან ქართულ სასკოლო სისტემაში გადასვლა უპრობლემოდ მოხდეს.