სკოლის მისია წარმოადგენს სკოლის ღირებულებათა ერთიანობას, რომლითაც სკოლა ხელმძღვანელობს.
სკოლის მისია უნდა დაგვეხმაროს მასში ჩამოყალიბებული საფუძვლების იმპლემენტირებაში. სკოლის მისია არის გზა, რომელსაც უნდა გაჰყვეს სკოლა იმისათვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მისია
თანადგომა, ტოლერანტობა, ფასეულობების სწავლება
გერმანული ენა და კულტურათაშორისი დიალოგი
სწავლება და სწავლა ინოვაციური მეთოდებით
სოციალური კომპეტენცია და დამოუკიდებლობა
თანადგომა, ტოლერანტობა, ფასეულობების სწავლება
თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. კულტურებისა და პიროვნული ხასიათების მრავალფეროვნებას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც სიმდიდრეს, რადგან ეს მრავალფეროვნება გვეხმარება ისეთი ღირებულებების გადაცემაში, როგორებიცაა პატივისცემა, ტოლერანტობა, ემპათია და განსხვავებული აზრის მიღების უნარი.
თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში მოსწავლეები დემოკრატიულ პრინციპებთან შეხების პირველ გამოცდილებას იღებენ. ჩვენს სკოლაში არსებულ მოსწავლეთა თვითმმართველობაში მონაწილეობით სწავლობენ, რომ ისინი საჭირონი არიან და რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია. ასევე სწავლობენ ცოდნის მიღებაზე პასუხისმგებლობის აღებასა და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას.
გერმანული ენა და კულტურათაშორისი დიალოგი
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა კულტურული დიალოგის სკოლაა, სადაც გერმანელი და არაგერმანულენოვანი ბავშვები ერთად იღებენ განათლებას. ცოდნისა და კომპეტენციების გადაცემა ხორციელდება თიურინგიის ფედერალური მიწის სასწავლო გეგმით, მისი მიზანი საშუალო განათლების ატესტატისა და გერმანული საერთაშორისო აბიტურის გაცემაა (DIA). სასწავლო ენა არის გერმანული ენა. გერმანული სასწავლო მასალა და დამატებითი გაკვეთილები ემსახურება გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობას. ტრადიციული დღესასწაულების ერთად აღნიშვნა გერმანულ და ქართულ კულტურებს ერთმანეთთან აახლოებს.
სწავლება და სწავლა ინოვაციური მეთოდებით
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას, ამისთვის დამოუკიდებელი მოქმედებისთვის საჭირო სივრცეს ქმნის. პედაგოგიური საქმიანობის მიზანი გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეების ძლიერი მხარეების განვითარება და მათი ინდივიდუალური დახმარებაა. თანამედროვე სასწავლო გარემოში მოსწავლეები საგნობრივი კომპეტენციების შესწავლის პარალელურად მედიალურ და მეთოდურ უნარებსაც იძენენ. კომპეტენციის ტესტში მონაწილეობით, როგორიცაა, მაგალითად, თიურინგიის მიწის კომპეტენციის ტესტი, შესაძლებელია ჩვენი სკოლისა და გერმანიის სკოლების შედეგების შედარება.
სხვადასხვა ეროვნების თანამშრომლები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას პროფესიული განვითარების სემინარებში სკოლის შიგნით და სკოლის გარეთ. მუდმივი კომუნიკაცია და კოლეგიალური დასწრებები ამაღლებს გაკვეთილების ხარისხს. პედაგოგიური ხარისხის მენეჯმენტის ფარგლებში მუდმივად ვითარდება პედაგოგიური კონცეპტი საგნისთვის - გერმანული ენა, როგორც უცხო ენა (DAF) და გერმანული ენა, როგორც სასწავლო ენა (DFU).
მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს აქტიური უკუკავშირის კულტურა, რაც მოსწავლეების უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო ავითარებს.
გამჭვირვალე წესები, ჩართულობა და ფსიქოლოგის დახმარება ქმნის მოსწავლეებისათვის კომფორტულ გარემოს. საბავშვო ბაღისა და სკოლის კავშირი ხელს უწყობს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო მრავალფეროვანი ნაშუადღევის პროგრამა - მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და ახალი ინტერესების ჩამოყალიბებას.
ცოდნის გადაცემა ხდება არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც: რეგულარული ექსკურსიები და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები მოსწავლეებს ეხმარება, განამტკიცონ მიღებული ცოდნა და ხელს უწყობს მოსწავლეების პერსონალური და სოციალური კომპეტენციების გავნითარებას, ასევე ჯგუფის წევრების ურთიერთთანამშრომლობას.
სოციალური კომპეტენცია და დამოუკიდებლობა
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის მთავარი მიზანი მოსწავლის დამოუკიდებელ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად აღზრდაა, რომელსაც საკითხების კრიტიკული შეფასების უნარი ექნება. ამის წინაპირობა კი არის შემდეგი უნარ-ჩვევებისა და თვისებების ჩამოყალიბება: სოციალური კომპეტენცია, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივის გამოხატვის უნარი, განსხვავებული აზრის მიღების უნარი, თავისუფალი აზროვნებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ინდივიდუალური ძლიერი მხარეებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება მოსწავლეს დაეხმარება, გახდეს მსოფლიო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
თეორიული და ასევე პრაქტიკული ცოდნის გადაცემის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგნებშორის სწავლებას. სწავლის მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივი განვითარებისთვის მზაობას ხელს უწყობს სწავლების სხვადასხვა მეთოდი, გასაკუთრებით თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი.
დამტკიცებულია გამგეობის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს
დამტკიცებულია პედსაბჭოს მიერ 2018 წლის 27 ნოემბერს
ძალაშია 2018 წლის 27 ნოემბრიდან