ჩვენი სკოლის 11 კლასის მშობელთა საბჭოს წარმომადგენლებმა ანტიე ლიუდემან-დუნდუა მშობელთა საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. ამ საქმეში მისი მოადგილე და დამხმარე იქნება ნუცა ჭირაქაძე.ჩვენ მათ წარმატებას ვუსურვებთ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას.
ანტიე ლიუდემან-დუნდუას კი რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დავუსვით:
რატომ გადაწყვიტეთ დაგეკავებინათ მშობელთა საბჭოს თავჯდომარის პოზიცია?
მსურს მოსწავლეებისა და მშობლების სახელით წვლილი შევიტანო სკოლის საქმიანობაში. დემოკრატიული პროცესების დიდი მოყვარული ვარ და მიმაჩნია, რომ აუცილებელი არის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების ქონა.
თქვენ გყავთ ქართულ-გერმანული ოჯახი - ბერლინში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორ მოხდა რომ დაბრუნდით თბილისში?
როგორც ოჯახს არ გვსურდა გვეცხოვრა მხოლოდ გერმანიაში და გვსურდა ჩამოვსულიყავით საქართველოშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი უფროსი შვილი 14 წლისაა და უცროსი ჯერ არ წასულა სკოლაში - ვიფიქრეთ, ახლა იქნებოდა შესაფერისი დრო საქართელოში დასაბრუნებლად. საქართველოში ჩვენ რა თქმა უნდა ხშირად ვიყავით ოჯახისა და მეგობრების მოსანახულებლად - თუმცა დამეთანხმებით, ამ ტიპის ვიზიტები გაცილებით სხვა გრძნობასთან ასოცირდება, ვიდრე ცხოვრობდე ქვეყანაში.
რამდენად მარტივად გაიარეს თვქენმა შვილებმა ადაპტაცია სკოლაში პანდემიის პირობებში?
ჩვენი შვილები თავიდანვე ბედნიერები იყვნენ როგორც მოსამზადებელ ჯგუფში, ასევე სკოლაში. ამის მიზეზი კი ის მოსწავლე-მასწავლებლები არიან, რომლებმაც ისინი დიდი სითბოთი მიიღეს ჯგუფსა და კლასში. ჩვენდა საბედნიეროდ სწავლის დასაწყისში რამდენიმე კვირა შევძელით გვეარა სკოლაში. ამ პერიოდში ბავშვებმა შეძლეს ახალი მეგობრებისა და მასწავლებლების როგორც გაცნობა, ასევე მათთან დაახლოება. პანდემიისა და დისტანციის მიუხედავად ნათლად ჩანს მზაობა და მონდომება როგორც მასწავლებლების, ასევე ბაღის აღმზრდელების მხრიდან, მაქსიმალურად მარტივად გადაატანინონ ბავშვებს არსებული სიტუაცია.
სად და რაში ხედავთ თქვენი სამუშაოს სირთულეებს?
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირი შეხება მაქვს ბავშვებთან და მათ გარშემო არსებულ სამართლებრივ საკითხებთან. მსურს მაქსიმალურად ჩავრთო მოსწავლეები და მათი მშობლები სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში, რაც ავტომატურად მოიაზრებს მრავალი განსხვავებული მოსაზრების ერთად თავმოყრას. საერთაშორისო სკოლის განსაკუთრებულობა კი სწორედ კულტურულ მრავალფეროვნებაშია. ჩემი მიზანი გახლავთ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად მოიძებნოს ყველასთვის და განსაკუთებით ბავშვებისათის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებები. ონლაინ რეჟიმზე გადასული გაკვეთილების სირთულიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვეცდები დავეხმარო ყველას, ვისაც კი ამის საჭიროება ექნება. მომავალს ვუყურებ ოპტიმისტურად და არსებული სიტუაციიდან საუკეთესოს შექმნას ვეცდები.
„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი“ - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის საზღვრებს მიღმა არსებულ გერმანულ სკოლებზე. ვიდეოში გერმანიის პრეზიდენტი და გერმანული სკოლების წარმომადგენლები საუბრობენ იმ შანსებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ეძლევათ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ამ საერთაშორისო ქსელის ნაწილი. უცხოეთის სკოლების ერთობის (ZfA) წარმომადგენლებმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დოიჩე ველეს დახმარებით შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
ჩვენი ტრადიციული ლამპრების ფესტივალი წელს სამწუხაროდ ვერ შედგა, თუმცა ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ასე მარტივად არ შეეგუენ ამ ფაქტს. სახლის პირობებში მათ თავად შექმნეს საკუთარი ლამპრები და შესაბამისი ფოტომასალა თავიანთ მასწავლებელს, ქ-ნ მაქსიმენკას გაუგზავნეს. ასე მაინც შევძელით გვემღერა ყველას ერთად: Ich geh' mit meiner Laterne...
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, 12 ოქტომბრამდე, ვიდრე საბავშვო ბაღი გაიხსნებოდა, დროს საინტერესოდ და ხალისიანად წყნეთის ტყეში ატარებდნენ, სურათებიც ამის დასტურია. სუფთა ჰაერზე, შორს ყველა პრობლემისგან, ტკბებოდნენ ერთად ყოფნითა და თამაშით. დიდი მადლობა საბავშვო ბაღის გუნდს და მშობლებს ამ შეთავაზებაში მონაწილეობისთვის!
დღეს ჩაფხუტები მოვირგეთ და სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა დავათვალიერეთ. სკოლის მარცხენა ფრთისა და საკლასო ოთახების კარკასი უკვე დასრულებულია. სპორტული დარბაზის შენობაც შესამჩნევად გაიზარდა. უკვე გამოიკვეთა სცენის, სპორტული მოედნის, გამოსაცვლელი ოთახისა და ტექნიკური აღჭურვილობის ოთახის კონტურები. 2021-22 სასწავლო წელს ახალი საკლასო ოთახებისა და სპორტული დარბაზის გამოყენებას დანიშნულებისამებრ შევძლებთ.
2020 წლის 2 სექტემბერს სკოლაში პირველკლასელთა მიღების ცერემონია გაიმართა. პირველკლასელთა დამრიგებლებმა მისასალმებელ სიტყვაში სკოლის მშენებლობასა და აღსაზრდელებთან ერთად მომავლის შენებას შორის დაპარალელი გაავლეს. იმ მომავლის, რომელიც ციფრებითა და ასოებით, მეგობრული ურთიერთობების დამყარებითა და ამ ყველაფერს შორის წონასწორობის შენარჩუნებით, შენდება. ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
ეს სასწავლო წელი ყველა ჩვენთაგანისთვის დიდი გამოწვევა იყო. მეორე სემესტრის დაწყებისთანავე ყველას ახალ გარემოებაში მოგვიწია საკუთარი თავისა და საქმიანობის რეალიზება. პრაქტიკულად ერთ ღამეში გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, ონლაინ-გაკვეთილებისა და ელექტრონული სასწავლო პლატფორმის გამოყენებით. ამ სასწავლო წელს ასევე პირველად გვყავდა საბაზო საფეხურის, მეათეკლასის კურსდამთავრებულები, რასაც წინ რთული წერითი და ზეპირი გამოცდები უძღოდა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი მოსწავლეების მშობლებს ამ რთულ გზაზე თანადგომისთვის, მნიშვნელოვანი კრიტიკული შენიშვნებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ასევე ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც შეძლეს გაკვეთილის სკოლის კედლებიდან ვირტუალური სამყაროს კედლებში ისე გადატა, რომ ამ გზაზე არცერთი მოსწავლე კედლებს მიღმა არ დატოვეს. და ბოლოს, ყველაზე დიდი ქება ჩვენს მოსწავლეებს: ისინი გაბედულად შეხვდნენ ახალ რეალობას და თავი კარგად გაართვეს ეკრანის წინ მიმდინარე სასწავლო პროცესს. მიუხედავად ყველა გარემოებისა, მათ ერთმანეთს და პედაგოგებს თავისი კრეატიულობით და იუმორით ბევრი საინტერესო და სახალისო მომენტი აჩუქეს. ყველას სასიამოვნო ზაფხულის არდადეგებს და კარგ დასვენებას გისურვებთ! შევხვდებით ახალ სასწავლო წელს!
ამ შესანიშნავმა მოზარდებმა დღეს მეათე კლასის, საბაზო საფეხურის დამამთავრებელი ატესტატები მიიღეს, რომელიც მათ საზეიმო ცერემონიაზე გერმანიის ელჩმა საქართველოში პირადად გადასცა. ამ ატესტატით ისინი გადავიდნენ გიმნაზიის დამამთავრებელ საფეხურზე. პანდემიამაც კი ვერ შეუშალა ჩვენს მეათეკლასელებს ხელი წერითი და ზეპირი გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მათი მიღწევით, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ჩინარა, ნატალი, ევა, ელენე, სუბაშ, ალექს, ლაზარე, ლუკა და ლუკა გილოცავთ და დიდ წარმატებებს გისურვებთ!
სკოლა და საბავშვო ბაღი მარტიდან კორონა-კრიზისის გამო დაკეტილია. გაკვეთილები ონლაინ სასწავლო პლატფორმების მეშვეობით ტარდება. სასწავლო წელი სწავლების ამ ფორმატით იქნა აღიარებული გერმანიის მხარის მიერ. საბავშვო ბაღიც სთავაზობს თავის აღსაზრდელებს ონლაინ აქტივობებს, რათა ჩვენმა აღსაზრდელებმა გერმანულ ენასთან, ერთმანეთთან და პედაგოგებთან კონტაქტი არ დაკარგონ. სკოლა მთლიანობაში ამ პერიოდის განმავლობაში იღებს ახალ გამოცდილებას, გარკვეულ მიდგომებს მომავალშიც ჩვეულებრივი სასკოლო პროცესის დროსაც გამოვიყენებთ. ჩვენ სიხარულით ვაკვირდებით, როგორი მონდომებით და როგორ შემოქმოდებითად მუშაობენ ჩვენი პატარები სახლში და რაოდენ დიდ მხარდაჭერას იღებენ ისინი საკუთარი მშობლებისგან. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს აღსაზრდელებთან ერთად სკოლისა და საბავშვო ბაღის კედლებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლებას, ვერაფერი შეცვლის ჩვენს საერთო ყოველდღიურობას, ჩვენს პატარებთან თამაშსა და ჩვენს დიდებთან ერთად სწავლას.
მარტის თვიდან ჩვენი სკოლა და საბავშვო ბაღი დაკეტილია. ჩვენი მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილებს სახლიდან ესწრებიან. ეს მდგომარეობა არავისთვის არის ადვილი, თუმცა მეტ საშუალებას გვაძლევს შემოქმედებითი სამუშაოსთვის.
სკოლაში ჩატარდა კონკურსი "Kreativ vs. Corona". ნამდვილად სასიხარულო იყო ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრების ხილვა, ბევრი პოზიტიური ენერგიის მომცემი.
წარმოგიდგენთ იმ ნამუშევრებს, რომლებმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენსა და ჟიურის წევრებზე (გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგები და ხელოვნების პედაგოგი, აკაკი ინანიშვილი):
პირველკლასელ მართას ნახატი.
მეორეკლასელ გაბრიელის ვიდეო დისტანციის თემაზე.
მეორეკლასელმა ილიამ ეს კრიზისი უფრო გლობალურ კონტექსტში დაგვანახა.
მეორეკლასელმა ლილემ წიგნი დაწერა და მოხატა. პატარა მწერალი შემდეგ ვიდეოში თავის წიგნს ყველასთვის კითხულობს.
მეექვსეკლასელი ლოტტა შემდეგ ვიდეოში გვისხსნის პირბადის სახლში დამზადების ხერხებს.
ძმები, მეორეკლასელ დანისა და მეექვსეკლასელ ლუკას მიერ ჩაწერილი მუსიკალური კლიპი.
მეშვიდეკლასელ ნიკოლოზის მიერ შექმნილი დამაფიქრებელი წიგნის ყდა.
ყველა მონაწილეს გულიდათ მადლობას გიხდით! დაჯილდოება ჩატარდება სასწავლო პროცესის განახლები შემდეგ. ჩვენც მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას. ჯანმრთელობას გისურვებთ!