მიმდინარე წლის ორ ოქტომბერს ჩვენი მე-7 კლასი ქალბატონი შონბერგერისა და ბატონი ოლივერის ხელმძღვანელობით ჯომარდი X-პარკში, წიპრანში გაემგზავრა. 09:15 საათზე დაიძრა სკოლიდან მიკროავტობუსი. წვიმდა, ყველაფერი სველი იყო. წიპრანში ჩასულებულებს ერთი საათი ლოდინიც დასჭირდათ, სანამ პარკის ორი თანამშრომელი მოვიდოდა. მათ ბავშვებს მთასვლელის თოკი შეაბეს და აუხსნეს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ცოცვისას. ჯერაც ცრიდა და საშიში იყო საცოცად რთული გზის არჩევა. ზოგ ბავშვს არც მოუნდა, მასწავლებლებიც მიწაზე დარჩნენ. ზოგ ბავშვს ვერ გადაეწყვიტა, აცოცებულიყო თუ არა. ისინი მთელმა კლასმა შეაგულიანა. ცოცვის შემდეგ ბავშვებმა ზიპლაინით ჩამოსრიალება შეძლეს, ეს ყველამ გაბედა. პიკნიკიც მოაწყვეს: ყველას ჰქონდა სახლიდან რაღაც გემრიელი წამოღებული. კიდეც გამოიდარა. ბოლოს სკოლაში დაბრუნდნენ, 16:50 საათისთვის, კმაყოფილები და დაღლილები. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მხოლოდ შარვლები დაისვარეს.
ჩვენმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო პროექტში "მდგრადი განვითარება სკოლებისთვის", რომელსაც მასპინძლობდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი. ამ პროექტისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მასწავლებლებს, სტუდენტებს, მშობლებსა და ადმინისტრაციის წევრებს. ეს ჯგუფი დაკავდა გაეროს მიერ განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნებითა და შეკითხვით, თუ როგორ შეიძლება მათი განხორციელება ჩვენს სკოლასა და სკოლის საზოგადოებაში.
ამ კონტექსტში ჯგუფებს ჩაუტარდათ ვორკშოპი პროექტების მართვის თემაზე. დიდი მადლობა ესთერ ვებერს ამ პროექტში მონაწილეობის კოორდინაციისთვის!
ჩვენი მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებმა საბავშვო ბაღში, მისი დამთავრების აღსანიშნად, გრძელი დღე გაატარეს. პროგრამაში იყო "თბილისის ციფრული სივრცის" მონახულება, ერთობლივი ვახშამი (პიცა!) და შემოქმედებითი ვორკშოპი.
მშობლების კაფეში ჩვენი სკოლის მოსწავლეების ყველა მშობელს შეუძლია წინასწარი დასტურის, ან რაიმე ვალდებულების გარეშე მოვიდეს. ეს შეკრებები კარგია იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი, დაილაპარაკოთ სხვადასხვა თემაზე, გაეცნოთ და დაეხმაროთ სკოლის ახალ მშობლებს და ყველანაირი ფორმალური
შეხვედრის გარეშე იურთიერთოთ სკოლის საზოგადოებასთან. მშობლების კაფე ღიაა ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს. შეკრება ყავასა და ჩაიზე შესაძლებელია 8:50-დან 10:00 საათამდე სკოლის სასადილოში. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოიტანოთ ნამცხვარი ან რაიმე სხვა საკუთარი გამომცხვარი სხვებისთვის გასაზიარებლად.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებელ ელისო ბიბილაშვილთან ერთად ეროვნული მუზეუმის "საბჭოთა ოკუპაციის" გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს 1921-1991 წლების ისტორიას ეძღვნება.
ჩვენი საბავშვო ბაღის ბავშვები გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში იყვნენ სტუმრად და იქ გერმანიიდან გამოგზავნილ საბავშვო წიგნებს გაეცნენ. ეს კარგი ადგილია ყველასთვის, ვინც გერმანულად საუბრობს ან ამ ენას სწავლობს. მადლობას ვუხდით გოეთეს ინსტიტუტს სასიამოვნო ერთი საათისთვის, რომლის დროსაც ბავშვებმა საბავშვო წიგნიდან ამბავი მოისმინეს და მერე ხელსაქმითაც დაკავდნენ.
17 დეკემბერს, შაბათს, კვლავ გიწვევთ ჩვენს ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე. 11-დან 14 საათამდე გაშლილი იქნება საშობაო სტენდები გასაყიდი ნივთებით, გლინტვეინითა და საბავშვო პუნშით; იქნება სპექტაკლები და მუსიკა. გაგვიხარდება, თუ გვეწვევით!
გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობითა და შუამავლობით ჩვენს მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანელი თანამედროვე ავტორი. ბერნარდ შლინკის 1995 წელს გამოცემული რომანი "წამკითხველი" ("Der Vorleser") ბევრი სკოლისთვის აუცილებელი საკითავი ლიტერატურაა. ნაწარმოები 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. მას მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული და მანვე მოუტანა ბერნარდ შლინკს, როგორც მწერალს, მსოფლიო აღიარება. ავტორი ამავდროულად იურისტია და ლექტორად და საკონსტიტუციო მოსამართლედ აქვს ნამუშევარი, ესეც საინტერესო არმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის.
წელსაც გვეყოლება სტაჟიორები გერმანიიდან, რომლებიც მიმდინარე სემესტრში სკოლის სხვადასხვა სამუშაო სფეროში დაგვეხმარებიან. ამჯერად ქალების ძალას შევხარით! მივესალმებით ჯეტე რეტშს (ბიოლოგია, გეოგრაფია, საბუნებისმეტყველო საგნები - იენის უნივერსიტეტი), ტაბეა შტაპფს (სოციალური საქმე - ფულდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი), ანიკა შპისს (ხელოვნება, მათემატიკა, გერმანული საბაზო საფეხურისთვის - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი) და კიმ შუხარდტს (სოციალური მეცნიერება, ინგლისური - იენის უნივერსიტეტი).