მშფოთვარე 2020 წელი უახლოვდება დასასრულს. გერმანული ტრადიციის მიხედვით თითოეულ კლასს აქვს თავისი საშობაო კალენდარი. რადგან ამ წელს შეუძლებელია საკლასო ოთახების საშობაოდ მორთვა, გვსურს ყოველ დღე გავხსნათ ონლაინ საშობაო კალენდრის თითო კარი. ასე მაინც შევძლებთ დისტანციის მიუხედავად ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან.
1 დეკემბერი, 2020
საშობაო კალენდრის პირველი კარების უკან იმალება მე-11 კლასელი ნატალი, რომელიც საშობაო ისტორიას წაგვიკითხავს. მოიმარაგეთ ორცხობილა და ჩაი და მოემზადეთ საშობაო ისტორიისათვის:
საშობაო ისტორია (კითხულობს ნატალი ჩაჩანიძე)
2 დეკემბერი, 2020
ადვენტი არის სუსნაობის პერიოდი! თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ლოქდაუნი და გამოაცხოთ გემრიელი საშობაო ორცხობილები! არ გაქვთ რეცეპტები? არ არის პრობლემა! ჩვენმა მე-3 კლასმა შესანიშნავი რეცეპტების წიგნი მოამზადა, სადაც მრავალ გემრიელ საშობაო რეცეპტს ნახავთ. ასე რომ: გადაფურცლეთ ელექტრონულ წიგნი, გაიკეთეთ წინსაფარი და გაზქურასთან დაიკავეთ ადგილი - ფქვილით ორთაბრძოლა იწყება!
მე-3 კლასელების საშობაო რეცეპტების ელ. წიგნი
3 დეკემბერი, 2020
საშობაო კალენდრის მესამე კარების უკან იმალება განსაკუთრებით კრეატიულად შესრულებული სამუშაო: მეორე კლასის მოსწავლეები ძალიან მოიხიბლნენ ციფრებზე შექმნილი სიმღერით და ამ სიმღერას ლამაზი ნახატები მიუძღვნეს. მათემატიკის სწავლა მუსიკის თანხლებით განსაკუთრებით სასიამოვნოა!
მეორე კლასის მათემატიკის სიმღერა
4 დეკემბერი, 2020
ირმები ჩვენს სკოლაში? არა, ესენი არიან მე-6 კლასის მოსწავლეები, რომლებიც Zoom-ში თავიანთი კლასის მასწავლებელთან, ვინეტა მჭედლიშვილთან ერთად ძალიან შემოქმედებითები იყვნენ! ჩვენი კალენდრის მეოთხე კარს მიღმა იმალება მათი საშობაო მილოცვა.
5 დეკემბერი, 2020
კვირა მუსიკალურად დავასრულოთ. ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები ძალიან მუსიკალურები და კრეატიულები არიან. ვისაც საშობაო ჰანგები უყვარს, მას დღევანდელი კარების უკან დამალული საჩუქარი ძალიან გაუხარდება!
6 დეკემბერი, 2020
გერმანიაში 6 დეკემბერს ნიკოლაუსი ბავშვებს სტუმრობს და მათ შოკოლადებით ასაჩუქრებს. ხშირ შემთხვევაში ბავშვები შოკოლადებს დილით პოულობენ, თუმცა ხანდახან ნიკოლაუსი თავად მიდის ბავშვებთან. ამ დროს მას სურს ბავშვებისგან საშობაო ლექსის მოსმენა. რა კარგია, რომ ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა უკვე მოასწრეს საშობაო ლექსის მომზადება.
7 დეკემბერი, 2020
შობის დღესასწაულზე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხშირად ვუგზავნით თბილ მოკითხვებს. ჩვენი სკოლის პირველ კლასელები უკვე ისე კარგად წერენ, რომ სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშობაო მილოცვა გაუგზავნეს.
პირველ კლასელების საშობაო მილოცვა
8 დეკემბერი, 2020
დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის მე-9 კლასელების მიერ შექმნილ ლექსების კრებულს, რომელიც პოეზიის მოყვარულებს ძალიან გაახარებთ. კრებული PDF ფაილის ფორმატშია და საშობაო საჩუქრადაც მარტივი გამოსაყენებელია!
მე-9 კლასელების ლექსების კრებული
9 დეკემბერი, 2020
როგორც წესი, წელიწადის ამ დროს ჩვენი სკოლის კაფეტერიაში ვიკრიბებით და წინასაშობაო ჰანგებით ვტკბებით. იმისათვის, რომ ამ წელსაც ეს ტრადიცია შენარჩუნებულ იქნას, ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სპეციალურად თქვენთვის ვირტუალური საშობაო კონცერტი მოამზადეს.
10 დეკემბერი, 2020
ჩვენი სკოლის მე-10 კლასი წარმოგვიდგენს რეცეპტს ვისკის ნამცხვრისათვის, რომელიც ე.წ. ლოქდაუნის დროს ძალიან გემრიელი გადაწყვეტილებაა.
მე-10 კლასელების რეცეპტი ვისკის ნამცხვრისთვის
11 დეკემბერი, 2020
შობა არის სიყვარულის დღესასწაული - მაგრამ ვის წარმოედგინა, რომ ციფრებსაც სცდოდნიათ სიყვარული? ჩვენი სკოლის პირველმა კლასმა სასიყვარულო სიმღერა განსაკუთრებით შემოქმედებითად და კრეატიულად გააფორმა.
პირველი კლასის შეყვარებული ციფრები
12 დეკემბერი, 2020
იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სკოლის მე-11 კლასელები თებერვლის თვიდან მოყოლებული განუწყვეტლად კომპიუტერების წინ სხედან და ონლაინ გაკვეთილებში არიან ჩართულნი, მაინც ვხედავთ მათ მომღიმარ სახეებს. მათ ამაღლებული საშობაო განწყობა აქვთ.
13 დეკემბერი, 2020
დღევანდელი კარის უკან იმალება შემოქმედებითი ნაშრომი ქართულის გაკვეთილიდან: ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ კომპიუტერის წინ არ უნდა ტარდებოდეს!
ჩვენი სკოლის მე-3 კლასმა, მათი მასწავლებლის, ბელა არაბულის დავალებით, ლამაზი საკითხვავი ყუთი შექმნა, რომელსაც ქართული ტექსტი "დროის ფასი" უდევს საფუძვლად.
14 დეკემბერი, 2020
„ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო, …“ ჩვენი სკოლის მე-9 კლასი წარმოგიდგენთ ძალიან განსაკუთრებულ და პირადად მორთულ ნაძვის ხეს.
15 დეკემბერი, 2020
სხვადასხვა ქვეყანა - სხვადასხვა ქცევა. ჩვენი სკოლის მე-8 კლასმა შეისწავლა თუ როგორ აღინიშნება შობა მთელს მსოფლიოში და წარმოადგინა იგი საინტერესო Power Point პრეზენტაციაში. მარი განმარტავს, თუ რა საინტერესო წეს-ჩვეულებები და ტრადიციები არსებობს "სიყვარულის ფესტივალის" გარშემო მსოფლიოს 18 ქვეყანაში.
საერთაშორისო საშობაო ტრადიციები
16 დეკემბერი, 2020
სად წავიდა ყველა გემრიელი ორცხობილა, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გამოვაცხვეთ? არა, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიჭამია ყველა... მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ამაზე პასუხისმგებელი? ქალბატონ ფიშერს აქვს პასუხი - თავად მოისმინეთ!
ჯეიმს კრიუსის "საშობაო თაგვი" (კითხულობს ჩვენი კოლეგა ფრანცისკა ფიშერი)
17 დეკემბერი, 2020
შობის დღესასწაულის პერიოდში ჩვენ სკოლაში ბევრი ლამაზი ნივთის გამოძერწვა და შექმნა ხდება. მართალია დაჭრა, დაწეპება, დახატვა და მოქარგვა საკლასო ოთახებში უფრო საინტერესო პროცესია, თუმცა ჩვენი სკოლის მე-3 კლასმა იგივე პროცესი ონლაინ გაიმეორა და ქ-ნ მაქსიმენკასთან ერთად ლამაზი საშობაო ვარსკვლავები შექმნა.
მესამე კლასის საშობაო ვარსკვლავები
18 დეკემბერი, 2020
რა თქმა უნდა, ყველამ გავიგეთ, რომ საშობაო თაგუნიაა პასუხისმგებელი საშობაო ორცხობილების გაქრობაზე. თუმცა არანაკლებ გემრიელად მიირთმევს საშობაო ორცხობილებს თოვლის ბაბუა - და შეიძლება მას ამის გამო "სერიოზული" პრობლემები შეექმნას. მილამ, მე-7 კლასიდან, სასაცილო საშობაო ისტორიები მუსიკალურად გააფორმა და თან შესაბამისი ნახატებიც დაურთო.
ორცხობილების პრობლემა (მილანა პოტაპენკო, მე-7 კლასი)
19 დეკემბერი, 2020
"ჩვენ ძალიან მოგვწონს ვაშლის ჯემის მირთმევა, თუმცა რა ვუყოთ ამდენ დაგროვილ ჯემის ქილას?" - მათთვის, ვისაც ეს კითხვა აწუხებს, გვაქვს შესაბამისი პასუხი. HSK კლასის ფარგლებში, მე 4 კლასმა 3 ლიტრიანი ქილა საშობაოდ მოხატა და მორთო. მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან კარგი იდეაა საშობაო არდადეგებზე დროის გასაყვანად!
მე-4 კლასის მიერ საშობაოდ გაფორმებული ქილა
20 დეკემბერი, 2020
ლექსები ისევე ეკუთვნის შობის პერიოდს, როგორც წიწვების სურნელი, ზარების რეკვა და დარიჩინი. ჩვენი სკოლის მესამე კლასმა Ringelnatz-ისთვის შესანიშნავი მელოდია შექმნა.
იოახიმ რინგელნატცი (მე-3 კლასი)
21 დეკემბერი, 2020
ჩვენ ვართ საერთაშორისო სკოლა, სადაც მრავალენიანობა დიდ როლს თამაშობს - ამიტომაც აღვნიშნავთ შობას სხვადასხვა ენაზე. დღეს მე-6 კლასმა მრავალ ენაზე მოგვილოცა შობა.
22. დეკემბერი, 2020
2020 წელი დასასრულს უახლოვდება და ჩვენ კი ნანატრი არდადეგები გვიხარია. ჩვენის სკოლის პედაგოგებს თბილი საშობაო მოკითხვის გარეშე არ სურთ მოსწავლეების გაშვება არდადეგებზე. გისურვებთ, რომ კარგად დაისვენოთ. მომავალ შეხვედრამდე!
23 დეკემბერი, 2020
საშობაო არდადეგების დაწყებამდე ჩვენი სკოლის მე-3 კლასს სურს, რომ ჩვენ საშობაო განწყობა შეგვიქმნას. ამის ფონზე სახლის საშობაოდ მორთვა და ორცხობილების გამოცხობა მშვენიერი იდეაა!
მე-3 კლასის ზამთრის საოცრებათა ქვეყანა
24 დეკემბერი, 2020
24 დღის გასვლის შემდეგ, ჩვენ ვირტუალური კალენდრის 24-ე კარს ვხსნით. წელს თითოეული ჩვენგანი შობა-ახალ წელს განსხვავებულად აღნიშნავს - ზოგიერთი ჩვენგანი აღარ გაფრინდა გერმანიაში, აღარ ხვდება ნათესავებს დიდ წრეში და მაქსიმალურად გადავინაცვლეთ ონლაინ გარემოში. ჩვენი სკოლის მე-7 კლასს სურდა, რომ პანდემიის მიუხედავად საშობაო ისტორია გაცოცხლებულიყო, რაც ონლაინ, ზუმის პროგრამის საშუალებით მოახერხა.
ჩვენი სკოლის 11 კლასის მშობელთა საბჭოს წარმომადგენლებმა ანტიე ლიუდემან-დუნდუა მშობელთა საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. ამ საქმეში მისი მოადგილე და დამხმარე იქნება ნუცა ჭირაქაძე.ჩვენ მათ წარმატებას ვუსურვებთ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას.
ანტიე ლიუდემან-დუნდუას კი რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დავუსვით:
რატომ გადაწყვიტეთ დაგეკავებინათ მშობელთა საბჭოს თავჯდომარის პოზიცია?
მსურს მოსწავლეებისა და მშობლების სახელით წვლილი შევიტანო სკოლის საქმიანობაში. დემოკრატიული პროცესების დიდი მოყვარული ვარ და მიმაჩნია, რომ აუცილებელი არის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების ქონა.
თქვენ გყავთ ქართულ-გერმანული ოჯახი - ბერლინში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორ მოხდა რომ დაბრუნდით თბილისში?
როგორც ოჯახს არ გვსურდა გვეცხოვრა მხოლოდ გერმანიაში და გვსურდა ჩამოვსულიყავით საქართველოშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი უფროსი შვილი 14 წლისაა და უცროსი ჯერ არ წასულა სკოლაში - ვიფიქრეთ, ახლა იქნებოდა შესაფერისი დრო საქართელოში დასაბრუნებლად. საქართველოში ჩვენ რა თქმა უნდა ხშირად ვიყავით ოჯახისა და მეგობრების მოსანახულებლად - თუმცა დამეთანხმებით, ამ ტიპის ვიზიტები გაცილებით სხვა გრძნობასთან ასოცირდება, ვიდრე ცხოვრობდე ქვეყანაში.
რამდენად მარტივად გაიარეს თვქენმა შვილებმა ადაპტაცია სკოლაში პანდემიის პირობებში?
ჩვენი შვილები თავიდანვე ბედნიერები იყვნენ როგორც მოსამზადებელ ჯგუფში, ასევე სკოლაში. ამის მიზეზი კი ის მოსწავლე-მასწავლებლები არიან, რომლებმაც ისინი დიდი სითბოთი მიიღეს ჯგუფსა და კლასში. ჩვენდა საბედნიეროდ სწავლის დასაწყისში რამდენიმე კვირა შევძელით გვეარა სკოლაში. ამ პერიოდში ბავშვებმა შეძლეს ახალი მეგობრებისა და მასწავლებლების როგორც გაცნობა, ასევე მათთან დაახლოება. პანდემიისა და დისტანციის მიუხედავად ნათლად ჩანს მზაობა და მონდომება როგორც მასწავლებლების, ასევე ბაღის აღმზრდელების მხრიდან, მაქსიმალურად მარტივად გადაატანინონ ბავშვებს არსებული სიტუაცია.
სად და რაში ხედავთ თქვენი სამუშაოს სირთულეებს?
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირი შეხება მაქვს ბავშვებთან და მათ გარშემო არსებულ სამართლებრივ საკითხებთან. მსურს მაქსიმალურად ჩავრთო მოსწავლეები და მათი მშობლები სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში, რაც ავტომატურად მოიაზრებს მრავალი განსხვავებული მოსაზრების ერთად თავმოყრას. საერთაშორისო სკოლის განსაკუთრებულობა კი სწორედ კულტურულ მრავალფეროვნებაშია. ჩემი მიზანი გახლავთ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად მოიძებნოს ყველასთვის და განსაკუთებით ბავშვებისათის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებები. ონლაინ რეჟიმზე გადასული გაკვეთილების სირთულიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვეცდები დავეხმარო ყველას, ვისაც კი ამის საჭიროება ექნება. მომავალს ვუყურებ ოპტიმისტურად და არსებული სიტუაციიდან საუკეთესოს შექმნას ვეცდები.
„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი“ - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის საზღვრებს მიღმა არსებულ გერმანულ სკოლებზე. ვიდეოში გერმანიის პრეზიდენტი და გერმანული სკოლების წარმომადგენლები საუბრობენ იმ შანსებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ეძლევათ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ამ საერთაშორისო ქსელის ნაწილი. უცხოეთის სკოლების ერთობის (ZfA) წარმომადგენლებმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დოიჩე ველეს დახმარებით შექმნეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
ჩვენი ტრადიციული ლამპრების ფესტივალი წელს სამწუხაროდ ვერ შედგა, თუმცა ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ასე მარტივად არ შეეგუენ ამ ფაქტს. სახლის პირობებში მათ თავად შექმნეს საკუთარი ლამპრები და შესაბამისი ფოტომასალა თავიანთ მასწავლებელს, ქ-ნ მაქსიმენკას გაუგზავნეს. ასე მაინც შევძელით გვემღერა ყველას ერთად: Ich geh' mit meiner Laterne...
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, 12 ოქტომბრამდე, ვიდრე საბავშვო ბაღი გაიხსნებოდა, დროს საინტერესოდ და ხალისიანად წყნეთის ტყეში ატარებდნენ, სურათებიც ამის დასტურია. სუფთა ჰაერზე, შორს ყველა პრობლემისგან, ტკბებოდნენ ერთად ყოფნითა და თამაშით. დიდი მადლობა საბავშვო ბაღის გუნდს და მშობლებს ამ შეთავაზებაში მონაწილეობისთვის!
დღეს ჩაფხუტები მოვირგეთ და სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა დავათვალიერეთ. სკოლის მარცხენა ფრთისა და საკლასო ოთახების კარკასი უკვე დასრულებულია. სპორტული დარბაზის შენობაც შესამჩნევად გაიზარდა. უკვე გამოიკვეთა სცენის, სპორტული მოედნის, გამოსაცვლელი ოთახისა და ტექნიკური აღჭურვილობის ოთახის კონტურები. 2021-22 სასწავლო წელს ახალი საკლასო ოთახებისა და სპორტული დარბაზის გამოყენებას დანიშნულებისამებრ შევძლებთ.
2020 წლის 2 სექტემბერს სკოლაში პირველკლასელთა მიღების ცერემონია გაიმართა. პირველკლასელთა დამრიგებლებმა მისასალმებელ სიტყვაში სკოლის მშენებლობასა და აღსაზრდელებთან ერთად მომავლის შენებას შორის დაპარალელი გაავლეს. იმ მომავლის, რომელიც ციფრებითა და ასოებით, მეგობრული ურთიერთობების დამყარებითა და ამ ყველაფერს შორის წონასწორობის შენარჩუნებით, შენდება. ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
ეს სასწავლო წელი ყველა ჩვენთაგანისთვის დიდი გამოწვევა იყო. მეორე სემესტრის დაწყებისთანავე ყველას ახალ გარემოებაში მოგვიწია საკუთარი თავისა და საქმიანობის რეალიზება. პრაქტიკულად ერთ ღამეში გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, ონლაინ-გაკვეთილებისა და ელექტრონული სასწავლო პლატფორმის გამოყენებით. ამ სასწავლო წელს ასევე პირველად გვყავდა საბაზო საფეხურის, მეათეკლასის კურსდამთავრებულები, რასაც წინ რთული წერითი და ზეპირი გამოცდები უძღოდა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი მოსწავლეების მშობლებს ამ რთულ გზაზე თანადგომისთვის, მნიშვნელოვანი კრიტიკული შენიშვნებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ასევე ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც შეძლეს გაკვეთილის სკოლის კედლებიდან ვირტუალური სამყაროს კედლებში ისე გადატა, რომ ამ გზაზე არცერთი მოსწავლე კედლებს მიღმა არ დატოვეს. და ბოლოს, ყველაზე დიდი ქება ჩვენს მოსწავლეებს: ისინი გაბედულად შეხვდნენ ახალ რეალობას და თავი კარგად გაართვეს ეკრანის წინ მიმდინარე სასწავლო პროცესს. მიუხედავად ყველა გარემოებისა, მათ ერთმანეთს და პედაგოგებს თავისი კრეატიულობით და იუმორით ბევრი საინტერესო და სახალისო მომენტი აჩუქეს. ყველას სასიამოვნო ზაფხულის არდადეგებს და კარგ დასვენებას გისურვებთ! შევხვდებით ახალ სასწავლო წელს!
ამ შესანიშნავმა მოზარდებმა დღეს მეათე კლასის, საბაზო საფეხურის დამამთავრებელი ატესტატები მიიღეს, რომელიც მათ საზეიმო ცერემონიაზე გერმანიის ელჩმა საქართველოში პირადად გადასცა. ამ ატესტატით ისინი გადავიდნენ გიმნაზიის დამამთავრებელ საფეხურზე. პანდემიამაც კი ვერ შეუშალა ჩვენს მეათეკლასელებს ხელი წერითი და ზეპირი გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მათი მიღწევით, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ჩინარა, ნატალი, ევა, ელენე, სუბაშ, ალექს, ლაზარე, ლუკა და ლუკა გილოცავთ და დიდ წარმატებებს გისურვებთ!
სკოლა და საბავშვო ბაღი მარტიდან კორონა-კრიზისის გამო დაკეტილია. გაკვეთილები ონლაინ სასწავლო პლატფორმების მეშვეობით ტარდება. სასწავლო წელი სწავლების ამ ფორმატით იქნა აღიარებული გერმანიის მხარის მიერ. საბავშვო ბაღიც სთავაზობს თავის აღსაზრდელებს ონლაინ აქტივობებს, რათა ჩვენმა აღსაზრდელებმა გერმანულ ენასთან, ერთმანეთთან და პედაგოგებთან კონტაქტი არ დაკარგონ. სკოლა მთლიანობაში ამ პერიოდის განმავლობაში იღებს ახალ გამოცდილებას, გარკვეულ მიდგომებს მომავალშიც ჩვეულებრივი სასკოლო პროცესის დროსაც გამოვიყენებთ. ჩვენ სიხარულით ვაკვირდებით, როგორი მონდომებით და როგორ შემოქმოდებითად მუშაობენ ჩვენი პატარები სახლში და რაოდენ დიდ მხარდაჭერას იღებენ ისინი საკუთარი მშობლებისგან. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს აღსაზრდელებთან ერთად სკოლისა და საბავშვო ბაღის კედლებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის განახლებას, ვერაფერი შეცვლის ჩვენს საერთო ყოველდღიურობას, ჩვენს პატარებთან თამაშსა და ჩვენს დიდებთან ერთად სწავლას.