ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და მეტი შეიტყვეთ ჩვენი სკოლის გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების, მათი უანგარო და საპატიო საქმიანობის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და განვითარების შესახებ.
ბოლო ინტერვიუში ვესაუბრებით გამგეობის წევრს, თეა თაბაგარს.
რა გაკავშირებთ გერმანიასთან? რამ განაპირობა თქვენი საქმიანობა საქართველოში არსებულ გერმანულ სასკოლო სისტემაში?
გერმანიაში შტუტგარტის უნივერსიტეტში სასწავლებლად გავემგზავრე. კულტურული შოკის მიზეზი გახდა, ის რაც ჩემთვის მანამდე აბსოლუტურად უცხო იყო: ერთგვარი თავისუფლება საუნივერსიტეტო სისტემაში და დამოუკიდებელი ცხოვრება. თუმცა სწრაფად ავუღე ალღო და წარმატებით დავამთავრე გერმანული ლინგვისტიკის ფაკულტეტი. დამეთანხმებით, რომ არ არის ადვილი, როდესაც უცხო ენაზე იღებ უმაღლეს განათლებას. სწავლის დასაფინანსებლად პარალელურად ვმუშაობდი ოფიციანტად, ტურისტულ სააგენტოში, მოგვიანებით კი - მერსედესის ფირმის კომპანიაში. სწავლის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. იმ პერიოდში ზედმეტი იყო ჩვენს ქვეყანაში გერმანული სკოლის არსებობაზე საუბარი. თუმცა შთამბეჭდავი სტუდენტური წლების შემდეგ ბუნებრივად ჩავერთე ამ საქმეში .
როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?
მე არ მივეკუთვნები სკოლის დამფუძნებლებს, თუმცა სკოლას მისი დაარსებიდანვე ვგულშემატკივრობდი და დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს მის განვითარებას. 2016 წლის დასაწყისში ამირჩიეს გამგეობაში. მაშინ ჩემი უფროსი შვილი გერმანული საერთაშორისო სკოლის საბაზო საფეხურზე სწავლობდა.
როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან.
სკოლა დინამიკურად განვითარდა: მოსწავლეთა რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა, წლების მანძილზე ნაქირავები შენობების შემდეგ კი ლამაზი სკოლის კამპუსი გვაქვს. სულ მალე ჩვენი სკოლის პირველი დამამთავრებელი კლასი ჩააბარებს აბიტურის გამოცდებს. ძალიან მაინტერესებს, თუ რა გზას დაადგებიან ჩვენი ახალგაზრდები. პანდემიისგან გამოწვეული ცვლილებები სწავლებისა და სწავლის პროცესში სკოლისათვის დიდ გამოწვევად მიმაჩნია, მაგრამ ამავდროულად ეს შანსიცაა - თუ რა სახის გამოცდილების გამოყენება შეგვიძლია სამომავლოდ სასკოლო ცხოვრებაში.
რაში აისახება თქვენი კონკრეტული საქმიანობა სკოლისათვის? მოკლედ გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
სკოლის გამგეობაში მუშაობის დაწყებისთანავე ჩავერთე სამშენებლო მენეჯმენტში, რადგან ჩემი პროფესიული საქმიანობიდან მიღებული გამოცდილების გამოყენება შემეძლო. ამასთან, კონსულტაციას ვუწევ კადრების მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?
იმ დროს, როდესაც მე უნივერსიტეტი დავამთავრე, რთული იყო ეკონომიკის სფეროში ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტის დასაქმება, მაგრამ მე ყოველთვის უფრო მათემატიკურ-ტექნიკურად მოაზროვნე ადამიანი გახლდით და ამიტომ პირველი ათი წლის განმავლობაში საბანკო სექტორში ვიმუშავე. ამჟამად ვმუშაობ ქართულ კომპანია „Luca Polare“-ში, რომელსაც ვეხმრები საერთაშორისო საქმიანობის საკითხებში. ცოტა ხნის წინ დავიწყე თანამშრომლობა შვეიცარიულ ფონდ BPN-თან (Business Professionals Network), რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებას.
ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და მეტი შეიტყვეთ ჩვენი სკოლის გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების, მათი უანგარო და საპატიო საქმიანობის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და განვითარების შესახებ.
ამჯერად ვესაუბრეთ გამგეობის წევრს, დოქტორ ლიკა ღლონტს.
რა გაკავშირებთ გერმანიასთან? რამ განაპირობა თქვენი საქმიანობა საქართველოში არსებულ გერმანულ სასკოლო სისტემაში?
გერმანული ენა შევისწავლე ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ჩემს ოჯახში, შემდეგ კი საბავშვო ბაღსა და სკოლაში. ეს გახლდათ ჩემი ოჯახის ერთგვარი ტრადიცია - ჩემს ბაბუას დამთავრებული ჰქონდა თბილისში არსებული გერმანული გიმნაზია. როგორც ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ხუთთვიანი გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი იენის ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტში. მოგვიანებით, უკვე როგორც დოქტორანტი, ხელახლა წავედი გერმანიაში, დოქტორანტის სტიპენდიით DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. 1998 წელს მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნევროლოგიის კვლევით ცენტრში დავიცავი დისერტაცია. ამგვარად, მთელი ჩემი საგანმანათლებლო ბიოგრაფია მჭიდროდ უკავშირდება გერმანიას.
როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?
სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს გამართულ სხდომებს ბოლო არ უჩანდა, ეს პერიოდი მაინც ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი.
როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან.
სკოლის განვითარება ნამდვილად თვალსაჩინოა - ეს მოსალოდნელი იყო. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე არსებობდა რისკები და გამოუვალი სიტუაციები. გერმანულენოვანმა საბავშვო ბაღმა შესანიშნავად დაიმკვიდრა თავი და მიმზიდველი გახდა იმ მშობლებისათვის, რომლებმაც თავიანთი შვილების საგანმანათლებლო ენად გერმანული აირჩიეს. პერსონალი მუდმივად ვითარდებოდა და იზრდებოდა. ამასობაში სკოლაში შეიქმნა სამაგალითო ინფრასტრუქტურა. ჩემი აზრით, გამოწვევები სამომავლო განვითარებისთვის გულისხმობს ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებასა და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას მასწავლებელთა საერთაშორისო გუნდში.
რაში აისახება თქვენი კონკრეტული საქმიანობა სკოლისათვის? გვიამბეთ, კონკრეტულად თქვენი საქმიანობის შესახებ სკოლაში.
უკანასკნელ წლებში სკოლას ვეხმარები ქართულ საგანმანათლებლო უწყებებთან კომუნიკაციაში. გერმანული საერთაშორისო სკოლა ექვემდებარება ორ სასკოლო ინსპექციას: გერმანულსა და ქართულს, რაც უდიდესი გამოწვევა გახლავთ და ეს ჩვენთვის ცნობილია საქართველოში არსებული სხვა საერთაშორისო სკოლებისგანაც. მე ვადევნებ თვალს კონკრეტულ პროცესებს და ვუწევ კონსულტაციას.
გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?
როგორც ბიოლოგი, წლების განმავლობაში ვმუშაობდი უნივერსიტეტში ლექტორად და მეცნიერ-მუშაკად. თორმეტი წელია, რაც საგანმანათლებლო პოლიტიკაში ვმოღვაწეობ და ვხელმძღვანელობ Erasmus+-ს. Erasmus+ ევროკავშირის ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების პროგრამაა - ახალგაზრდობა და სპორტი ევროპაში. საქართველოს, განსაკუთრებით ახლა, აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ისეთ ქმედით პროგრამებში, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობასა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლით პროექტებს გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და მეტი შეიტყვეთ ჩვენი სკოლის გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების, მათი უანგარო და საპატიო საქმიანობის, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და განვითარების შესახებ. ამჯერად ვესაუბრეთ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ბათლიძეს.
რა გაკავშირებთ გერმანიასთან? რამ განაპირობა თქვენი საქმიანობა საქართველოში არსებულ გერმანულ სასკოლო სისტემაში?
ოთხმოციან წლებში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, თბილისში არსებობდა ცნობილი მეექვსე გერმანული სკოლა, რომელიც იმ დროს პირველ დემოკრატიულ-ლიბერალურ მოძრაობად ითვლებოდა. ამ სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა გერმანული ენა. აქედან გამომდინარე, გერმანული იყო ჩემი პირველი უცხო ენა. მოგვიანებით გადავწყვიტე ადვოკატობა და სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გავაგრძელე. სკოლის პერიოდში გერმანული ენის შესწავლამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია, რის შემდეგაც გერმანიაში ჩემი სტუდენტობა განვითარების ბუნებრივ გზად იქცა. გარდა ამისა, ქართული კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი სამოქალაქო სამართალი, მყარად ეფუძნება გერმანულ სამართლებრივ მოდელს. გერმანიაში სწავლის პერიოდში გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც გერმანულენოვანი იურისტია.
საუნივერსიტეტო განათლების დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რაიმე სახით შემეტანა წვლილი გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში და ამით, ერთგვარად, მადლიერება გამომეხატა იმ შთამბეჭდავი სტუდენტური წლებისთვის, რომლებიც მე გეტინგენში გავატარე. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო გერმანულ წრესთან ურთიერთობის შენარჩუნება. შემთხვევით გავიგე იმ იდეის შესახებ, რომ საქართველოში აპირებდნენ გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებას და ვიფიქრე, რომ, როგორც იურისტს, შემეძლო გარკვეული წვლილის შეტანა. ასე გავხდი 2009 წელს თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაარსებისა და მხარდაჭერის კავშირის დამფუძნებელთა წევრი.
როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?
საწყისი პერიოდი თავისი გამოწვევებითა და გაურკვევლობებით უკიდურესად საინტერესო გახლდათ! ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, რისგანაც სკოლა შედგება: არც ორგანიზაცია, არ სკოლის შენობა, არც მასწავლებლები, არც მოსწავლეები... თუმცა გვქონდა გაბედულება და ჯანსაღი ოპტიმიზმი და, ალბათ, რაც უმნიშვნელოვანესია, მშობლების მხარდაჭერა და ნდობა.
როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან?
მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ უკვე გრძელი გზა განვლო, ჩვენ მაინც განვითარების ფაზაში ვიმყოფებით. ამასობაში ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული სასკოლო სისტემა მოტივირებული და კვალიფიცირებული კადრით, მოსწავლეთა რაოდენობის მზარდი დინამიკითა და, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი სკოლის კამპუსით საქართველოში. ყველაზე დიდ გამოწვევად მიმაჩნია სკოლის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერება და განვითარება. დიდი მოლოდინით ვუყურებ ჩვენს პირველ აბიტურიენტებს, რომლებიც მალე დატოვებენ სკოლას და განათლების შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლებენ.
რაში აისახება თქვენი კონკრეტული საქმიანობა სკოლისათვის? შეგიძლიათ მოკლედ გვიამბოთ ამის შესახებ?
პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი პასუხისმგებლობის სფეროში შედის კავშირის იურიდიული საკითხები. გამგეობის ინტენსიური მუშაობა აისახება სკოლის დირექციასთან მჭიდრო თანამშრომლობაში, მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებზე კონსულტაციასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.
გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?
მე გახლავართ მოქმედი ადვოკატი და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საადვოკატო ბიუროს (BLC) პარტნიორი.
ვიწყებთ ინტერვიუთა სერიას სკოლის გამგეობის წევრებთან. გამოგვყევით და გაიგეთ უფრო მეტი გამგეობის გერმანელი და ქართველი წევრების შესახებ, მათ უანგარო მოღვაწეობაზე თბილისის გერმანული სკოლის აღმშენებლობის საქმეში და გაეცანით მათ ხედვას სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით.
თავდაპირველად გთავაზობთ ინტერვიუს გამგეობის თავმჯდომარესთან, დოქტორ საშა ტერნესთან.
რამ განაპირობა თქვენი ჩამოსვლა საქართველოში და რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ? არის თუ არა საქართველო თქვენი მეორე სამშობლო?
პირველად საქართველოში 1997 წელს სამსახურეობრივად მომიწია მოგზაურობა. ამის შემდეგ მალე შემიყვარდა ეს ქვეყანა და ადამიანები; ამასთან, გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლეც (ამასობაში ჩვენ უკვე სამი შვილი გვყავს). მომდევნო წლებში ხშირად მიწევდა პირადი და საქმიანი ვიზიტებით გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა, სანამ 2007 წელს არ მივიღე შემოთავაზება საქართველოს პროკრედიტ-ბანკის მმართველის პოზიციაზე. მას მერე მუდმივად ვცხოვრობ საქართველოში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თავს ვგრძნობ საკუთარ სახლში.
როგორ გაიხსენებდით სკოლის დაარსების პირველ წლებს?
ჩვენ ვიყავით თანამოაზრეთა პატარა ჯგუფი, რომელმაც, როგორც სკოლის დაფუძნების კავშირმა, ბრწყინვალე მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ შეიძლება დაუპირისპირო ჯანსაღი გულგრილობა შეუძლებელს. გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნება დაკავშირებული იყო წარმოუდგენლად ბევრ წინააღმდეგობასთან. სახელმწიფო უწყებები გერმანიასა და საქართველოში უნდა დაგვერწმუნებინა ამ იდეის ეფექტურობაში. საწყისი ხარჯების დასაფარად საჭირო იყო სპონსორები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოსწავლეები არ გვყავდა, უნდა გაგვერისკა და მასწავლებლების, შენობისა და სასკოლო ინვენტარის ხელშეკრულებებზე ხელი უნდა მოგვეწერა. ამასთან, სკოლის არარსებობის პირობებში უნდა მოგვეპოვებინა პოტენციური მოსწავლეების მშობლების ნდობა იმისათვის, რომ მათ თავიანთი შვილები ჩვენს სკოლაში შემოეყვანათ. სწორედ ამ ფონზე ემოციურად დატვირთული იყო მომენტი, როდესაც 2010 წელს სკოლა გაიხსნა მხოლოდ 6 პირველკლასელით!
როგორ განვითარდა სკოლა და რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი გამგეობის წევრის გადმოსახედიდან.
არსებობის 11 წლის განმავლობაში სკოლამ განვითარების წარმოუდგენელი გზა განვლო - ქაღალდის ფურცელზე იდეის დაბადებიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „საუკეთესო საერთაშორისო სკოლის“ ხარისხის სერტიფიკატის მინიჭებამდე; ნაქირავები კერძო სახლიდან საკუთარი ძალებით აშენებულ სკოლის კამპუსამდე. 6 მოსწავლიდან და 7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელიდან ჩვენ 240-მდე გავიზარდეთ. თავიდან ორი თანამშრომელი გვყავდა, დღეს კი - სამოცი. ზაფხულში ჩვენ სკოლის მეთორმეტე კლასი გვეყოლება და ამით სკოლა სრულად იქნება დაკომპლექტებული. ამ დროისთვის სკოლის შენობის დამატებითი ფლიგელებისა და სპორტის დარბაზის მშენებლობაც დასრულდება.
ჩვენი სკოლა სამომავლოდაც დარჩება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არაკომერციულ Public-Private-Partnership გაერთიანებად, როგორც გამონაკლისი. ამგვარი ფაქტი ხშირად არ გვხვდება და გარეშე პირისათვის ხანდახან არცთუ ისე ადვილად აღსაქმელია. თუმცა, სწორედ ეს გახლავთ ჩვენი სკოლის უდიდესი უპირატესობა სხვა კერძო სკოლებთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოსწავლეებისათვის საუკეთესო განათლების მისაცემად.
შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ სკოლაში თქვენი კონკრეტული საქმიანობის შესახებ?
სკოლა დაფუძნდა არაკომერციული კავშირის მიერ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ არსებობს კლასიკური გაგებით მესაკუთრე, რომელიც სუფთა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე იზრუნებდა სკოლის ბედ-იღბალზე. ჩვენთან ეს როლი შეთავსებული აქვს არჩეულ სკოლის გამგეობას, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ სკოლის გამგეობის წევრები განსახვავებულ პროფესიულ ჯგუფებს (განათლება, სამართალი, ფინანსები, მშენებლობა, მენეჯმენტი და ა.შ.) წარმოადგენენ და პროფესიული კვალიფიკაციითა და გამოცდილებით თავიანთი წვლილი შეაქვთ სკოლის განვითარების საქმეში, რაც, რა თქმა უნდა, მეტად მომგებიანია.
სკოლაში პირადად ჩემი საქმიანობის მთავარი მიმართულებები სტრატეგიული და კონცეპტუალური საკითხები, ასევე ბიზნეს-ადმინისტრირების კონტროლი და სამშენებლო მენეჯმენტია. მე, როგორც გამგეობის თავმჯდომარე, უფრო მეტად და ინტენსიურად ვარ დაკავებული სკოლის საკითხებით, თუმცა თავს მაინც გუნდურ მოთამაშედ მივიჩნევ. სიხარულით მავსებს ის ფაქტი, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ნდობით განმსჭვალული და უკონფლიქტო თანამშრომლობა გვაკავშირებს და მხოლოდ ერთი საერთო მიზანი - ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სკოლის წარმატებული განვითარება - გვაერთიანებს.
გამგეობის წევრობა უანგარო საპატიო საქმიანობაა. ვინ ბრძანდებით პროფესიით და სად მოღვაწეობთ, სკოლის გარდა?
ოც წელიწადზე მეტია, რაც საბანკო და საფინანსო სფეროში ვმოღვაწეობ, სადაც ჩემი ძირითადი მიმართულება განვითარებად ქვეყნებში მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებლიანი დაფინანსებებია. ეს, ალბათ, ნაწილობრივ ხსნის ჩემს მზადყოფნას უანგაროდ ავიღო პასუხიმგებლობა საზოგადოებრივ განვითარების საქმეში დადებითი წვლილის შესატანად. გერმანულ საერთაშორისო სკოლაში საქმიანობის პარალელურად საქართველოში გერმანული ეკონომიკური გაერთიანების (DWV) დამფუძნებელთა წევრი და გამგეობის თავმჯდომარეც გახლავართ. შემოსავალი კი მაქვს ძირითადი პროფესიიდან, როგორც შვეიცარული ქონების განმკარგავი კომპანიის „BlueOrchard Finance“-ის მმართველს. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში მიკროკრედიტების დაფინანსების საინვესტიციო ფონდების ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია.
ჩვენი გერმანულენოვანი საბავშვო ბაღისთვის ვეძებთ აღმზრდელს 2021 წლის 15 აპრილისთვის. დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნებისა და ჩვენი სერვისების შესახებ იხილეთ აქ.
კონსტანტინე მოლინეუსი (მე-11 კლასი) და სასკია ლენდფერს ბერნდონერი (მე-10 კლასი) არიან ახლად არჩეული მოსწავლეთა წარმომადგენლები. მათ დახმარებას გაუწევს კირა ანდრონიკაშვილი (მე-4 კლასი), რომელიც დაწყებითი კლასების წარმომადგენლად იქნა არჩეული. ყველას ვულოცავთ არჩევნებში გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან საქმეში!
15 თებერვლიდან უფლება გვაქვს სწავლა საკლასო ოთახებში განვაახლოთ. მოხარულები ვართ მოსწავლეების სკოლის შენობაში დაბრუნების შესახებ. უსაფრთხო სასკოლო ყოველდღიურობისათვის შევიმუშავეთ შემდეგი რეგულაციები.
ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქ-ნ ტანია შმიტთან ერთად გერმანულის გაკვეთილზე ძველი ლეგენდის ანიმაცია შექმნეს. მათ დაევალათ ე.წ. Stop-Motion ტექნოლოგიის გამოყენება.
ჩვენს YouTube არხზე წარმოგიდგენთ მილას, ანტონიას და სოფოს სამ შესანიშნავ ფილმს, რომლებიც უამრავ კრეატიულობით მოგვითხრობენ კლასიკურ ისტორიებს. ისიამოვნეთ ფილმით!
ჩვენმა პირველ კლასელებმა სკოლის გახსნამდე რომ გააგრძელონ ასოების ბეჯითად სწავლა, ქ-ნმა ვებერმა მათთვის სპეციალურად შექმნა "ასოების ლაბორატორია თან წასაღებად"
თუ თქვენ იანვრის ბოლოს ჯერ კიდევ არ გაქვთ ლამაზი კალენდარი, რადგან ჩვენ რატომღაც დროის შეგრძნება დავკარგეთ, მაშინ ჩვენი სკოლის პირველმა კლასმა თქვენთვის მოამზადა შემდეგი: შრომის გაკვეთილზე, ჩვენმა პატარა მოსწავლეებმა, ქალბატონ მაქსიმენკასთან ინტენსიურად იმსჯელეს წელიწადის დროებზე, დღეებისა და თვეების სახელწოდებებზე. ონლაინ გაკვეთილებზე პირველი კლასი ორად იყო გაყოფილი, შესაბამისად გვაქვს ორი კალენდარი.